აშშ-ის მწვავე გზავნილზე საქართველოს პრემიერი განცხადებას აკეთებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადება შეურაცხმყოფელია.
საქმე ეხება ჯეიკ სალივანის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის".
ამასთან, როგორც ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადაიტვირთება.
ეს არ არის სწორი ტერმინი, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ უნდა გამოიყენო. საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ.
დღეს ქვეყანას ღირსეული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ამ ქვეყნის მშვიდობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს კბილებით იცავს. საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი ტერმინი. საქართველო ისტორიის მანძილზე არავის არასდროს დაუგირავებია და ვერც ვერავინ დააგირავებს, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ყველაფერი ვიღაცას.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, ურთიერთობები გადაიტვირთება აუცილებლად მას შემდეგ, რაც გადაივლის ეს არჩევნები. თქვენ რა არ მოგწონთ საარჩევნო გარემოში? საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, არის კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები. არ ვარგა ზეპირი საუბარი, უნდა ვისაუბროთ ფაქტებით", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ "საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის".