პრემიერის პროპაგანდა საარჩევნო უბნიდან

26.10.24 08:54
პრემიერის პროპაგანდა საარჩევნო უბნიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხმა ნომერ მეორე ვაკის საარჩევნო ოლქში შემავალ 27-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ირაკლი კობახიძემ დღესაც ამტკიცებდა, რომ 60%-მდე მხარდაჭერას ელოდება. 

დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. 

ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.

თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩევებს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი, ველოდებით 60% -მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს შედეგებს, მაგრამ მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგი, შეეგუონ იმას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უთხრათ უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე", -განაცხადა პრემიერმა.