ოპოზიციის ულტიმატუმებს არ დავთანხმდით - ირაკლი კობახიძე
იმისთვის, რომ სახელწმიფო არ დარჩენილიყო წაგებული ჩვენ ოპოზიციის ულტიმატუმებს არ დავთანხმდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციასთან 10 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი კრიზისია და ამით ქვეყანას პრობლემები ვერ შეექმნება.
ვერცერთი ხელოვნური კრიზისით სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას პრობლემები ვერ დაუდგება. იმისთვის, რომ სახელწმიფო არ დარჩენილიყო წაგებული ჩვენ არ დავთანხმდით იმ ულტიმატუმებს, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ ოპოზიციას არა ხალხის, არამედ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა.
საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითხებს, რომელიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული, -განაცხადა თალაკვაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლის მედიაციით გამართული დასკვნითი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 10 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს. კრისტიან დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.