საარჩევნო დამკვირვებლების ცნობები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია- ბენ კარდინი

28.10.24 11:32
საარჩევნო დამკვირვებლების ცნობები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია- ბენ კარდინი

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება და  წერს, რომ საარჩევნო დამკვირვებლების ცნობები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია და წინასაარჩევნო პერიოდში “ოცნების“ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიული პროცესი დააზიანა. 

კარდინი ამბობს, რომ ის პოსტსაარჩევნო გარემოს მონიტორინგსა და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას აქტიურად გააგრძელებს, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაბამისი რეაგირება განსაზღვროს.

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები არის როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებული, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ ძალადობით, დაშინებით, აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით საარჩევნო უბნებიდან და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით ჩაიარა. ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურდა ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ კანონის“ ამოქმედებით, რომელიც ანადგურებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული უკანდახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო - მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. მე გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში,- აღნიშნულია სენატორის წერილში.