სახეზე გვაქვს ინსტიტუციური კონფლიქტი - გიგი უგულავა

28.10.24 11:36
სახეზე გვაქვს ინსტიტუციური კონფლიქტი - გიგი უგულავა

სახეზე გვაქვს ინსტიტუციური კონფლიქტი, - ასე აფასებს  "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას პრეზიდენტის გარეშე შეეცდება, თუმცა უგულავას თქმით, ეს სხდომა ისევე დასრულდება, როგორც ეს 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. 

სახეზე გვაქვს ინსტიტუციური კონფლიქტი, იმიტომ, რომ პრეზიდენტის ეს განაცხადი პირდაპირ ნიშნავს, რომ ის თავის კონსტიტუციურ ფუნქციას, ხელი მოაწეროს და დანიშნოს პირველი სხდომა, არ განახორციელებს, იმიტომ, რომ მან განაცხადა, რომ არჩევნები არის მოპარული. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ თავის ჩვეულ სტილში იძალადებს, შეეცდება ჩაატაროს პირველი სხდომა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალისხმევით, ეს სხდომა ზუსტად ისე დასრულდება, როგორც 2003 წლის 23 ნოემბერს დასრულდა, - ამბობს უგულავა. 

26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა პრეზიდენტმა არ აღიარა. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს  რუსეთის საქართველოში შემოსვლის აღიარებას ნიშნავს.