პაატა დავითაია: ქვეყანა შედის პოლიტიკურ კრიზისში, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ერთობა

28.10.24 12:52
პაატა დავითაია:  ქვეყანა შედის პოლიტიკურ კრიზისში, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ერთობა

იმ ვითარებით, რაც შეიქმნა  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათლად ჩანს, რომ  ქვეყანა შედის პოლიტიკურ კრიზისში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, საჭიროა, პრეზიდენტის ჩართულობით კრიზისების მართვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნას, სადაც ყველა ის პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც არჩევნებშ მონაწილეობდა. 

პაატა დავითაია ყურადღებას პოლიტიკური პარტიების ერთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ დაყოფა პოლიტიკური პროცესისთვის იქნება დამაზიანებელი. 

პრეზიდენტის ჩართულობით უნდა შეიქმნას კრიზისების მართვის საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და არ აღიარებენ მის შედეგებს. რამდენად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური პარტიების ერთობა, რაზედაც იყო საზოგადოების მოთხოვნა, ეს ამ საპარლამენტო არჩევნებითაც დადასტურდა.

 საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გააჩინა  კითხვის ნიშნები პოლიტიკურ პარტიების,  საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, საერთაშორისო და სადამკვირვებლო მისიების მხრიდან.    
 

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა მხოლოდ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებისთვის, რომელთაც გადალახეს 5 % იანი ბარიერი, შესაბამისად, არასწორია მიდგომა, რომ თითქოსდა მხოლოდ მათი პარტიების შედეგები გაყალბდა.  მოვუწოდებ  ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და არ აღიარებს  შედეგებს,  მკაფიოდ გამოხატონ თავისი პოზიცია. 

 მნიშვნელოვანია,  საზოგადოებამ და  საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაინახონ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები არიან  ერთიანი და არა ჯგუფურად დაყოფილი, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით,  რაც დამაზიანებელი იქნებაპოლიტიკური პროცესისთვის,  -  აცხადებს პაატა დავითაია.