ოპოზიცია ელჩებს ხვდება

28.10.24 18:08
ოპოზიცია ელჩებს ხვდება

პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში  ხვდებიან - ხელისუფლების ოპონენტები ელჩებს საქართველოში გაყალბებული არჩევნების შესახე მიაწვდიან ინფორმაციას.

შეხვედრაზე უკვე მივიდნენ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" "ძლიერი საქართველოსა" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები. 

ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოქალაქეებს 300 ათასი ხმა მოპარა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ამ არჩევნებს ოპოზიცია არ იღებს.

მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას და ოპოზიცია ამ არჩევნებს არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრა ერთი საათით ადრე დიდი აქციამდე, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ელჩებს მიაწვდიან გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

მისი თქმით, არჩევნების შედეგებს სჭირდება სხვა მთავრობების აღიარება, საქართველოში ჩატარებულ პროცესს კი ორი მთავრობის გარდა ჯერ-ჯერობით არავინ აღიარებს.