"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელმაც მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, გამოკითხვაზეა გადაყვანილი

30.10.24 17:25
"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელმაც მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, გამოკითხვაზეა გადაყვანილი

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, როვშან ისკანდაროვი, რომელმაც 26 ოქტომბერს  მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ბღუჯა ჩაყარა, გამოკითხვაზე იმყოფება. 

მარნეულის საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ბოლო რამდენიმე საათია, ახლობლები ეძებენ. 

მისი აქტივობა  Facebook-ის პირად გვერდზე 4 სააათის წინ ფიქსირდება, სადაც კაცი წერდა, რომ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები იმიტომ ჩაყარა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებზე გაღიზიანებული იყო. როვშან ისკანდაროვის ეს პოსტი მის გვერდზე დღეს აღარ იძებნება.

როვშან ისკანდაროვმა რაც გააკეთა, იყო შეცდომა და  მან აღიარა სოციალურ ქსელში საკუთარი პოსტით. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენში და ჩვენ მას ვენდობით. როგორც ვიცი, ეს გაბრაზებულზე გააკეთა. ბოლოს მე ის 4 დღის უკან ვნახე", - ამბობს ადგილობრივი. 

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა. როგორც შემდეგ გაირკვა, აღნიშნული პირი მარნეულის საკრებულოს წევრია "ქართული ოცნებიდან", რომელმაც მმართველი პარტიის ხმების მობილიზება პირდაპირ კამერების წინ სცადა.