"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის მიერ ძებნილ ალექსანდრ მალკევიჩთან
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის მიერ ძებნილ რუსს პროპაგანდისტთან. ალექსანდრ მალკევიჩი "პირველებს" უდასტურებს, რომ საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა და ცესკოს გაცემული აკრედიტაციაც დამატებითი ბარიერების გარეშე მოიპოვა.
სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი "ტვ პირველთან" საუბარში უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
შეხვდა თუ არა მალკევიჩი საქართველოში "ოცნების" მაღალჩინოსნებს, ამ კითხვაზე რუსი პროპაგანდისტი აცხადებს, რომ "სხვადასხვა პირებს" შეხვდა.
მალკევიჩი: მე ხომ ამერიკული სანქციების ქვეშ ვარ? რა არის ამ განცხადებაში სენსაციური? მე საქართველოს სანქციების ქვეშ ვიმყოფები, სომხეთის თუ აზერბაიჯანის?
"პირველები": თქვენ უპრობლემოდ შემოგიშვეს საქართველოში, ისე, რომ სასაზღვრო სამსახურს ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს?
მალკევიჩი: ჩვეულებრივად, დამისვეს კითხვები, ჩემი ვიზიტის მიზნების შესახებ. მე, ეს მიზნები არ დამიმალავს. ჩამოვედი, რადგან გავაშუქო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, ეს აკრძალულია?
"პირველები": პროპაგანდისტებისთვის ალბათ არ შეიძლება, თქვენზე ხომ ეჭვი ჰქოდნათ, რომ ჩაერიეთ აშშ-ს არჩევნებში?
მალკევიჩი: მე წავიკითხე ჩემს შესახებ გამოძიებაზე, 80 პროცენტი იყო სიცრუე. ამიტომ, თუ ისინი ამტკიცებენ, რომ მე ჩავერიე ამ არჩევნებში, ისინი არიან პასუხისმგებელნი, იმ მასალების გასაჯაროვებაზე, რომელსაც, შეუძლია, გაყოს საზოგადეობა.
"პირველები": თქვენ ასევე გქონდათ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაცია?
მალკევიჩი: დიახ, რა თქმა უნდა.
"პირველები": როგორ მოგცეს აკრედიტაცია?
მალკევიჩი: ჟურნალისტს გაუკეთა აკრედიტაცია, საარჩევნო კომისიამ, რა არის ამაში უჩვეულო? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ოფიციალურად დარეგისტრირებულ ჟურნალისტს აქვს თანაბარი უფლება. დიახ, ვიყავი ცესკოში.
შეხვდით ოფიციალურ პირებს?
სხვადასხვა პირებს შევხვდი. პირველ რიგში, მე, ერთი რამ მაწუხებს, არ გეჩვენებათ, რომ ისეთი ტონი გაქვთ, თითქოს, დაკითხვაზე ვიმყოფები?
რუსმა პროპაგანდისტმა ცესკოს აკრედიტაცია პერსონალური მიმართვის საფუძველზე მიიღო - "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი კალანდარიშვილის სახელზე წერილი პერსონალურად შევიდა.
არადა ცესკო "პირველბისადმი" გამოგზავნილ წერილში ამტკიცებდა, რომ ალექსანდრ მალკევიჩს ონლაინ აკრედიტაცია ჰქონდა მიღებული.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. და ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ამერიკის ძებნილთა სიაში შეყვანილი მალკევიჩი, რომელიც ამერიკის, კანადის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, არჩევნების დღეს ცესკოს გაცემული ოფიციალური აკრედიტაციიით მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.