"საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ამომრჩეველს აკისრებს პასუხისმგებლობას, უსირცხვილოა" - სიორიძე
"საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ამომრჩეველს აკისრებს პასუხისმგებლობას, უსირცხვილოა" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც ნონა ქურდოვანის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენების გაჟონვას ამომრჩეველს აბრალებს.
გიორგი სიორიძე პასუხისმგებლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკისრებს და ამბობს, რომ ცესკოა სწორედ ის ერთადერთი უწყება, რომელსაც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი უნდა ეზრუნველყო.
არჩევნების პრინციპების უზრუნველყოფაზე, მათ შორის, ფარულობის პრინციპის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი არის საარჩევნო ადმინისტრაცია. საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს, არის უსირცხვილო და უპასუხისმგებლო. ყველამ ნახა ყველა ბიულეტენი, რომელიც სატელევიზიო ეთერებშიც გავიდა, როგორ ჩანდა უკნიდან გამონაჟონი. მაგრამ ახლა ამის გაბანალურებას ცდილობენ, თითქოს, ეს მარტივი ტექნიკური საკითხი ყოფილიყოს და მეტიც, ამომრჩეველს აბრალებენ. სინამდვილეში საუბარი გვაქვს ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაზე, რომელიც არის არჩევნების არალეგიტიმურობის ერთ-ერთი საფუძველი", - ამბობს გიორგი სიორიძე.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის" აღმასრულებელი დირექტორის, ნონა ქურდოვანის თქმით, ბიულეტენების გაჟონვას საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს აბრალებს.
"ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს" - ამბობს ქურდოვანიძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი შინაარსის გადაწყვეტილებები მიიღეს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან.