"ძლიერი საქართველო" სიების გახსნას ითხოვს - კოალიციის ლიდერებმა სარჩელი საქალაქოში შეიტანეს

02.11.24 15:25
"ძლიერი საქართველო" სიების გახსნას ითხოვს - კოალიციის ლიდერებმა სარჩელი საქალაქოში შეიტანეს

კოალიცია "ძლიერი საქართველო" სამართლებრივ ბრძოლას იწყებს - ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს.

პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები გასაჯაროვდეს. როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები აცხადებენ, სიებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიზანმიმართულად მალავს, რადგან ეს არჩევნების გაყალბების პირდაპირი სამხილია. 

"ძლიერი საქართველოს" სახელით შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში. პირველივე დღიდან ვითხოვთ, გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის კვალს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილია დანაშაული, არჩევნების მიტაცება. თუ არაფერი არ აქვს დასამალი ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, მაშინ ამ სიების გახსნა პრობლემა არ უნდა იყოს. ეს მოგვცეს შესაძლებლობას, დავინახოთ სწორედ ის გაყალბების სქემა, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ. ამიტომ არ ასაჯაროებენ ისინი სიებს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რადგან დადასტურდეს ქართველი ხალხის ხმის უფლების უხეში მიტაცება და გაყალბება ხელისუფლების მხრიდან", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" მიერ საოლქო კომისიაში შეტანილი 73 სარჩელი დაუკმაყოფილებელია. ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, კოალიცია ითხოვდა, რომ ამომრჩევლის შესახებ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ინფორმაცია და ე.წ. ჩეკების სიები გასაჯაროებულიყო, თუმცა მისივე განმარტებით, საოლქო კომისიამ "ძლიერ საქართველოს" არცერთი საჩივარი დაუკმაყოფილა.