"სისხლის სამართლის დანაშაულია" - ალექსანდრე ბარამიძე "ოცნების" ქოლცენტრებზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წევრი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ ის, რაც შაბათის ეთერმა გუშინ რეპორტაჟით აჩვენა და რომელიც "ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბების სქემაზე მიუთითებს, სისხლის სამართლის დანაშაულია. მესამე სექტორის წარმომადგენელის თქმით, ფაქტებმა ცხადყო, რომ გაყალბების სქემაში სახელმწიფო სტრუქტურები და სუსიც ჩართული იყო.
ეს ყველაფერი არის ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პირადი მონაცემების შეგროვება ცალკე, უკანონოდ ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს არის მასშტაბური ხასიათის დანაშაული, რომელშიც გარეულია მმართველი პარტია და ასევე ირიბად და შესაძლოა, სრულიად პირდაპირადაც სახელმწიფო სტრუქტურები, იმიტომ, რომ როდესაც კაპიტნებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ არ ასრულებთ მოვალეობას და დაურეკეთ ახლავე, თორემ ჩვენ გვეცოდინება და გავიგებთ ვის დაურეკეთ და ვის არა, ასეთი ინფორმაციის მოკრება მათ შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ სუსის მეშვეობით, რომელიც აკონტროლებს სატელეფონო ზარებს ამ ქვეყანაში, - ამბობს ალექსნდრე ბარამიძე.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშობდა.