"ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებები ბოლნისის სასამართლოს წარუდგინა
“ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლებმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში,
არჩევნების დღეს ჩადენილი უმძიმესი დარღვევების მტკიცებულებები ორ დისკად წარადგინეს, რაც გადაეცა როგორც სასამართლოს, ასევე საოლქო კომისიის წარმომადგენელს.
კოალიციის მოთხოვნაა, გაიხსნას ბოლნისის ოლქში შემავალ უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია და ქვითრები, ხოლო არჩევნების ძველი წესით ჩატარებულ უბნებზე კი შემოწმდეს სამაგიდო სიები და ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა, ბათილად იქნას ცნობილი ბოლნისის საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმები, მოხდეს ხელახალი გადათვლა, რომლის მიზანია აისახოს კენჭისყრის სამართლიანი შედეგი.
ძლიერი საქართველოს წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაციის საკითხზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერებული პროცესის შემდეგი ბედი.
ლანა გალდავას თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს, და მიუხედავად იმისა, რომ მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია დაელოდებიან გადაწყვეტილებას, რაც დიდი ალბათობით, იქნება კვლავაც უკანონობის დაკანონება, რაც გახდება კიდევ ერთი არგუმენტი საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოსათხოვად.