საქართველოს რუკა "ოცნების" პრეზენტაციაზე - რა ჩანს კადრებში
პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ დელეგატების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციაზე ელექტრონულად აჩვენა საქართველოს რუკა და თქვა, რომ ოცდაათივე საარჩევნო ოლქში ჰყავდათ დელეგატები, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. ინფორმაციის ვიზუალურად გადმოსაცემად, პაპუაშვილმა „სლაიდზე“ აჩვენა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ძნელად აღსაქმელი იყო. ზოგიერთი რაკურსიდან რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე ჩანდა.
პრეზენტაციაზე წრამოდგენილ ელექტორნულ რუკას საზოგადოების ვნებათღელვა და პროტესტი მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს შესული შესწორების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან უპასუხა:
საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება – თუ ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერითაა გამოსახული, - თქვა მან.