უგულავას ანგარიშები დაუყადაღეს - პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიზეზი თბილისის მერიის შეცდომით გამოწერილი ჯარიმაა
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის მიზეზი კი თბილისის მერიის მიერ შეცდომით გამოწერილი ჯარიმა გახდა. გიგი უგულავას თქმით, მერია საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს და ურჩევს, საჩივარი დაწეროს.
დასანანია, რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია, - წერს უგულავა.
ახლა ბანკიდან შემატყობინეს, რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა, რომ მერიისგანაა, მეტიც, ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია. მედავებიან, რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე. მერიის ცხელი ხაზი იძახის, გაასაჩივრეთო. გასაგებია, რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია. ახლა მე უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს. დასანანია, რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ, ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა სადაა გამოსაქანი არეალი, - წერს უგულავა.