ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში - ნათია მეზვრიშვილი
“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის მტკიცებით, ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას - კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა.
როგორც მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მათ რამდენიმე დღის წინ მიმართეს სასამართლოს და გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა მოითხოვეს.
“არსებობდა მტკიცებულებების განადგურების რისკი“, - ამბობს მეზვირშვილი.
რამდენიმე დღის წინ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა, ვინაიდან არსებობდა მისი განადგურების რისკი.
ნაცვლად იმისა, ცესკოს კონკრეტული პასუხი გაეცა, თუ რა ვადით ინახება ხმის მიცემის აპარატებზე და ცესკოს სერვერებზე იმ ამომრჩევლების სია, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, ცესკოს თავმჯდომარე ტელეთერებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ.
სინამდვილეში ცესკოს ამ ინფორმაციის შენახვის წესის და ვადის განსაზღვრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს.
კონკრეტულ ოფიციალურ მიმართვაზე, კონკრეტული პასუხის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ამ დანაშაულს ხელს უწყობს სასამართლოც, რომელსაც ამ დრომდე არ მიუღია გადაუდებელი გადაწყვეტილება. ნათელია, თუ როგორ სისტემურად იმუშავა ცესკომ, სუსმა, პროკურატურამ და სასამართლომ ჯერ არჩევნების გასაყალბებლად და როგორ მუშაობს ახლა კვალის დასაფარად.
ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ ბუნებრივია ნდობა ვეღარ იარსებებს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.