"ოცნება" ამტკიცებს, რომ საქართველოს არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ სჭირდება

04.11.24 15:04
"ოცნება" ამტკიცებს, რომ საქართველოს არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ სჭირდება

დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება დაიწყოს, "ოცნება" ყურად არ იღებს. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ამტკიცებდა, რომ საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურად ცნობას საერთაშორისო აღიარება არ სჭირდება. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ირწმუნებოდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეუთო-ოდირმა უკვე შეფასა, როგორც "შემდგარი არჩევნები".


2020 წელს უარესებიც ვნახეთ ჩვენ. 2020 წელს ვნახეთ, რომ იმის გამო, რომ ქართველი ხალხის არჩევანი უნდოდათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ, შეგვიყვანეს პროცესში, რომელიც შემდეგ, 19 აპრილის დასრულებული იყო, რაც ფაქტობრივად, უარი გვათქმევინეს კონსტიტუციაზე ზუსტად იმიტომ, რომ ვირაცას ქართველი ხალხის არჩევანი არ მოსწონს. არჩევნებს აღიარება არ სჭირდება. არჩევნებს აფასებენ სადამკვირვებლო მისიები, არჩევნებს ატარებს სახელმწიფო თავად საარჩევნო კომისიის მეშვეობით. ცესკომ გამოაცხადა წინასწარი შედეგები, მიდის საჩივრის განხილვა, საბოლოო შედეგს და დასკვნას ცესკო გვეტყვის ამ დღეებში.

შემდეგ, არსებობს საერთაშორისო სადამკვრივებლო მისიები, ეუთო-ოდირი, რომლის დასკვნაც იყო მკაფიო და ცხადი, რომ არჩევნები შედგა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, - თქვა პაპუაშვილმა.