„ჯარიმა გამოწერილია შეცდომით“ გიგი უგულავას „უბილეთოდ მგზავრობისთვის“ დაკისრებული ყადაღა მოუხსნეს

04.11.24 18:02
„ჯარიმა გამოწერილია შეცდომით“ გიგი უგულავას „უბილეთოდ მგზავრობისთვის“ დაკისრებული ყადაღა მოუხსნეს

დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ავტობუსით „უბილეთოდ მგზავრობისთვის“ ჯარიმა შეცდომით გამოუწერეს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. 

მერიის ცნობით, ამ დროისთვის უგულავას მოეხსნა ჯარიმასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა.

„აღნიშნული ჯარიმა გამოწერილია შეცდომით. უბილეთო მგზავრობას ადგილი ჰქონდა სხვა პიროვნების მხრიდან და იდენტიფიცირების დროს დაფიქსირდა ხარვეზი. აღნიშნული მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების წელი და რეგისტრაციის ადგილი არის იდენტური.

პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სხვა დროსაც დაფიქსირდა ორიოდე შემთხვევა, თუმცა მოქალაქის მომართვის საფუძველზე, მოხდა დაუყოვნებლივი რეაგირება.

მოცემულ შემთხვევაშიც ჯარიმა და მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, რაც დაედო მოქალაქეს, მოხსნილია“, - აცხადებენ თბილისის მერიაში. 

გიგი უგულავამ 4 ნოემბერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის“ გამო დააყადაღეს. უგულავას განცხადებით, მას ავტობუსით არ უმგზავრია და მის სახელზე ჯარიმა შეცდომით გამოწერეს.

მსგავსი სიახლეები