ცესკოს თავმჯდომარე და კიდევ ორი მაღალჩინოსანი, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულშია მხილებული
]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კიდევ ორი მაღალჩინოსანი, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულშია მხილებული. გიორგი კალანდარიშვილს, გიორგი შარაბიძეს და გიორგი ჯავახიშვილს სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავებიან. სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ ამ სამი მაღალჩინოსნის ჩართულობის გარეშე არჩევნები გაყალბების სქემა ვერ იმუშავებდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობა ყოფილიყო დაცული, მოწესრიგებულიყო ნაკადები და მარკირება. თუმცა ყველა იმ დარღვევაზე, რომელსაც კენჭისყრის დღეს ჰქონდა ადგილი ადმინისტრაცია თვალს ხუჭავდა. რეაგირების გარეშე დარჩა კარუსელის ფაქტები, რა დროს ხმას უბანზე სხვის ნაცვლად, სხვა პირადობის მოწმობებით ან მხოლოდ პირადი ნომრებით აძლევდნენ.
თბილისის ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. გაყალბების ფაქტების ერთობლიობა და ცესკოს უმოქმედობა მაია მწარიაშვილს უჩენს განცდას, რომ საქმე არა სამსახურებრივ გულგრილობასთან, არამედ გაყალბების სქემაში მიზანმიმართულ მონაწილეობასთან გვაქვს.