მელია აქციის მონაწილეებს: ''თქვენ ხართ პარლამენტი''
''თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტი, ძალაუფლება და ხელისუფლება'' - ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია ''ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.
''იქამდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დასრულდება'' - თქვა მან.
კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, არის დღის წესრიგიდან მოხსნილი.
იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლება არ დამარცხდება. იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე და არამხოლოდ რუსთაველის გამზირზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება.
არა იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი სხვადასხბა ოპოზიციური კოალიცუური ჯგუფებისთვის მოპარული, ანუ თქვენთვის მოპარული არჩევნების შედეგების თვალსაზრისით აღდგეს სამართლიანობა, არამედ, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.
მე მირჩევნია, ზეცაში ვიყო, მირჩევნია, ცოცხალი არ ვიყო, ვიდრე შევეგუო ივანიშვილის რეჟიმს და ვიცი, რომ ყველანი ასე ფიქრობთ და ამ ბრძოლაში თანადგომაა საჭირო...
ყოველდღე ვიქნებით ქუჩაში, ზოგჯერ ვიქნებით ძალიან ბევრნი, ზოგჯერ იმაზე ბევრნი, მაგრამ ერთ რიგით კალენდარულ დღეს უახლოეს პერიოდში იმმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ, ყველა მოედანზე და ყველა ხიდზე, რომ თბილისი იყოს სავსე ხალხით, სიცოცხლით, მართალი ადამიანების ხმით.
ამ პარლამენტში, არცერთი ოპოზიციონერი არ შევა, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის საქართველოს პარლამენტი, თქვენ ხართ საქართველოს დეპუტატები, ძალაუფლება და ხელისუფლება,''- ამბობს ნიკა მელია.
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ათასობით ადამიანი ქუჩაში საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდა. ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, აქცია ხვალ, სპორტის სასახლესთან გაიმართება.