აქციის ლოკაცია შეიცვალა - ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება

05.11.24 11:13
აქციის ლოკაცია შეიცვალა - ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება

დღეს პროდასავლური ოპოზიციის მიერ დანონსებული აქციის ლოკაცია იცვლება. საპროტეტესტო აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლოსთან, 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლების ოპონენტები ავრცელებენ. 

ოპოზიციის თქმით, დღევანდელი აქციის ლოკაციის შეცვლა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გუშინდელ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას ეხება, რომელმაც თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა და რომელ გადაწყვეტილებასაც ცესკო სააპალაციოში ასაჩივრებს. 

დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

"სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. " 

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან!

შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები