ხელახალი არჩევნების მოთხოვნის გეგმა - ცესკოში ოპოზიციონერი წევრები თათბირობენ

05.11.24 11:50
ხელახალი არჩევნების მოთხოვნის გეგმა - ცესკოში ოპოზიციონერი წევრები თათბირობენ

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის ოპოზიციონერი წევრები იკრიბებიან. თათბირის გამართვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ დაადასტურა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო და ორ მუნიციპალიტეტში არჩევნები ბათილად ცნო.

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ საკმარისი სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა, შედეგები გაუქმდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. სწორედ ამის სისრულეში მოყვანის გეგმაზე ითათბირებენ დღეს კომისიის წევრები. ისინი ასევე ამ პროცესში ცესკოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, რომელმაც, მათი თქმით, ვერ უზრუნველყო, რომ ამომრჩევლის ხმის ფარულობა დაცული ყოფილიყო. 

დღეს ვიკრიბებით ცესკოს ოპოზიციონერი წევრები სამუშაო შეხვედრის ფორმატში გამომდინარე იმ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტიდან, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, კერძოდ, ის, რომ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მართლაც სამართლებრივი და მნიშნელოვანი გადაწყვეტილება. ნახა უკვე ბიულეტენი, რომლის უკანა მხარეს არის გამონაჟღენთი, რომ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ოლქში, ყველა შესაბამისმა სასამართლომ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2263-ვე ტექნოლოგიზებულ უბანში მოხდა ის, რაც მოხდა თეთრიწყაროში. შესაბამისად, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ 90%-თვის, როგორც მინიმუმ, ამომრჩევლების, ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული, რაც არის არალეგიტიმურად ცნობის საფუძველი. ამან უნდა გამოიწვიოს ხელახალი არჩევნები. ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ და პროცედურულ ნაბიჯს ახლა განვიხილავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ შედეგს. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა ვინც იცოდა ეს და ვინც დაგეგმა ეს, იქნება ეს თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა პირი ამასთან შემხებლობაში მყოფი, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

ცესკოს ოპოზიიცონერი წევრები საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ თათბირის შემდეგ განაცხადებენ.  

მსგავსი სიახლეები