პროკურატურა ცესკოს ვერიფიკაციის აპარატებში შენახულ ინფორმაციას სთხოვს - "პირველებმა" ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა

05.11.24 13:26
პროკურატურა ცესკოს ვერიფიკაციის აპარატებში შენახულ ინფორმაციას სთხოვს - "პირველებმა" ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა

პროკურატურა ცესკოს ვერიფიკაციის აპარატებში შენახულ ინფორმაციას და ამომრჩევლების სიას სთხოვს. ექსკლუზიური დოკუმენტი, რომელიც 1 ნოემბრით თარიღდება, "პირველებმა" მოიპოვა. გენერალური პროკურატურა ცესკოს სწერს, რომ გამოძიების ფარგლებში, ვიდრე სასამართლო განჩინება იქნება, აღნიშნული ინფორმაცია ისე შეინახონ, რომ ის ყველასთვის ხელშეუხებელი და მიუწვდომელი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ამ ინფორმაციის  გასაჯაროებას რამდენიმე კვირაა ითხოვს, თუმცა ცესკო უარზეა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს რისკი, საერთაშორისო გამოძიების დაწყების შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტებს ყველაფერი გასუფთავებული და წაშლილი დახვდეთ. 

არსებობს საფრთხე, რომ ადგილობრივი საგამოძიებო უწყებები გამოყენებულ იქნას „ქართული ოცნების“ მხრიდან არა სიმართლის დასადგენად, არამედ მტკიცებულებების გასაქრობად, მოწმეებზე ზეწოლისთვის, რომ თუ საერთაშორისო მისია ჩამოვა მოგვიანებით, მას უკვე დახვდეს აბსოლუტურად შეცვლილი სურათი. ამ რისკებზე ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია და საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ამ მიზნისთვის გამოიყენონ ადგილობრივი გამოძიება „ქართული ოცნების“ დაკვეთით, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

ცესკოს მიერ რაიმე სახის მანიპულაციას არ გამორიცხავს არც გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, ასეთის შემთხვევაში, საერთაშორისო გამოძიებას დამატეთი ექსპერტიზის ჩატარება მოუწევს. 

გამოძიება დაიწყო ერთადერთი მიზნით, რომ თვითლეგიტიმაცია მოახდინონ გაყალბებული არჩევნების და ივანიშვილის დაკვეთით დაწყებული გამოძიება, რომელიც გამოძიების ფარგლებშიც, გუშინ, მაგალითად, მე დამიბარეს. როგორ გგონიათ, ამ პროკურატურის მიზანი სიმართლის დადგენაა? ეს არის ფარსი, ვითომ პროკურატურა ახლა ცესკოს მისწერს, რომ შეინახეთ. რაღას შეინახავენ უკვე ჩარევა ცესკოს თუ განხორციელებული აქვს? პროკურატურას გადასცემენ უკვე ამ მანიპულირებულ მტკიცებულებებს და მერე პროკურატურა იტყვის, რომ იცით, რა? აქ ყველაფერი რიგზეა. ამას მერე ცალკე ექსპერტიზა დასჭირდება საერთაშორისო გამოძიების, რომ დაადგინოს, პროკურატურა როგორ ჩაერთო ცესკოს მიერ მტკიცებულებების გაყალბების პროცესში და ამის დაფარვის პროცესში, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.   

მსგავსი სიახლეები