უნდა ვიყოთ ყოველდღე სხვადასხვა ადგილებში, ხელისუფლებისთვის კრიტიკულ მომენტში კი ძალიან ბევრნი! - ნიკა მელია

05.11.24 15:42
 უნდა ვიყოთ ყოველდღე სხვადასხვა ადგილებში, ხელისუფლებისთვის კრიტიკულ მომენტში კი ძალიან ბევრნი! - ნიკა მელია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ამ წუთებში სააპელაციოსთან გამართულ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ვლადიმერ ხუჭუას პრეცედენტული გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება "ოცნების" ინტერესში არ შედიოდა. მელიას თქმით, არცევნების ხმის ფარულობის დარღვევა იმაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე არჩევნების გაყალბება. 

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე უწყვეტ პროტესტზე საუბრობს და ამბობს, რომ მნიშველოვანია ეს პროტესტის მთელ ქალაქს მოედოს. 

იცით, რომ სპორტის სასახლესთან ვიკრიბებოდით, უნდა გაგვემართა საპროტესტო აქცია დღეს, რომელიც ყოველდღიური იქნება გამონაკლისის გარეშე, მაგრამ ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა სპონტანური გადაწყვეტილებებიც იქნება გარდაუვალი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. რეჟიმისთვის გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ნამდვილად არ შედიოდა ამ ხელისუფლების ინტერესში ის, რაც მოხდა. სააპელაციო დონეზე ამდაგვარი საქმე არ უნდა მოსულიყო. ეს პოლიტიკურად არ აწყობდა ივანიშვილს და არცერთ რუსს. პირველივე ინსტანციაში უნდა ამოწურულიყო მსგავსი საკითხების გარჩევა. მეორე ინსტანციაში მოხვდებოდა, რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიის საჩივარი, რომელსაც არ დააკმაყოფილებდა პირველი ინსტანციის მოსამართლე ან ენჯეო, მაგრამ არა საკუთარი სისტემის მოსამართლე, რომელიც იმსჯელებდა, არგუმენტებით, მტკიცებულებებით გაჯერებულ საქმეზე და გადაწყვეტდა და იტყოდა, რომ გაყალბებულია არჩევნები და გაყალბებაზე მძიმე მოცემულობაა, როდესაც ფარულობა არაა საერთოდ დაცული. ოდირმაც, ეუთომაც, ყელამ თქვა, რომ ერთი მეოთხედი უბნებისა ჩატარდა, პრაქტიკულად, ღია ეთერში. ჩვენ აქ ვართ ამ წუთის მოცემულობით, მაგრამ უნდა ვიყოთ ყოველდღე სხვადასხვა ადგილებში და საბოლოო ჯამში, კრიტიკულ მომენტში ხელისუფლებისთვის, უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ბევრნი თბილისის ძალიან ბევრ წერტილში, - თქვა ნიკა მელიამ. 

მეორე ინსტანციის სასამართლოსთან პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. მოქალაქეები ადგილზე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით მივიდნენ. აქცია თავდაპირველად 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იყო დააანონსებული, თუმცა შემდეგ ლოკაცია შეიცვალა და პროტესტი სააპლეაციო სასამართლოსთან 15:00 საათზე ჩაინიშნა.   

მსგავსი სიახლეები