თბილისის საქალაქოში "ძლიერი საქართველოს" სარჩელი განიხილება - მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს - მოსამართლე ქეთევან ლოთიშვილი სამსჯელოდ არის გასული და მან გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს.
ოპოზიციური კოალიცია მოითხოვს, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქის ვერიფიკაციის აპარატებში დატანილი ინფორმაცია და სამაგიდო სიები გასაჯაროვდეს. სწორედ მოცემულ სასამართლო სხდომაზე "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა მოსამართლეს მტკიცებულებებით სავსე დისკი წარუდგინა, რათა სარჩელს დართვოდა, თუმცა ქეთევან ლოთიშვილმა მტკიცებულებები განსახილველად არ მიიღო.
როგორც ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, დისკზე ატვირთული არაერთი მასალა იყო, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
"ძლიერი საქართველო" 73-ივე საარჩევნო ოლქიდან ითხოვდა ვერიფიკაციის აპარატებისა და სამაგიდო სიების მონაცემების გადმოცემას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა სხვა პირების ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობა. 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიამ გვითხრა ერთი და იგივე პასუხი და ეს ინფორმაცია არ გადმოგვცეს. ახლა ვიმყოფებით სასამართლოში სწორედ მათი პასუხიდან გამომდინარე, მაგრამ პროცესი წარიმართა მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით, უკვე მესამედ, ორჯერ თბილისში და ერთხელ გორში. სასამართლომ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განსახილველად არც კი მიიღო, რაც არის სერიოზული საპროცესო დარღვევა. ფაქტობრივად, წაგვერთვა შესაძლებლობა, რომ ჩვენი სარჩელი დაგვესაბუთებინა", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი.