ცესკოს აღიარება - კალანდარიშვილის უწყება არ უარყოფს, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა

05.11.24 20:14
ცესკოს აღიარება - კალანდარიშვილის უწყება არ უარყოფს, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ ამომრჩევლის არჩევანის გაგება 26 ოქტომბერს შესაძლებელი იყო. ნათია იოსელიანი, რომელიც დღეს მედიასთან გიორგი კალანდარიშვილის ნაცვლად გამოჩნდა, ამბობს, რომ ჩასაფრებული თვალი საარჩევნო ბიულეტენის მეორე მხარეს გამოკვეთილი მარკერის კვალს შეამჩნევდა და ივარაუდებდა, თუ ვინ ვის მისცა ხმა. თუმცა, ცესკოს პრესპიკერი ამბობს, რომ ამის პრევენცია არ შეეძლოთ, რადგან მანამდე არავის უთქვამს, რომ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს ჟონავდა. 

ცესკო ვერ უარყოფს, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე მხარეს გადმოვიდა, თუმცა ირწმუნება, რომ ამით ხმის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი არ დარღვეულა, რადგან ბიულეტენს თან ახლდა ჩარჩო-კონვერტი და მისი მეშვეობით ხმის მთვლელ აპარატში შეცურებისას მარკერის კვალით რაიმეს დადგენა შეუძლებელი იყო. არადა, საპირისპირო უკვე სამართლებრივად დადასტურდა. თეთრიწყაროს მოსამართლემ ისტორიაში პირველად ორი ოლქის არჩევნები გააუქმა და შედეგები ფარულობის დარღვევის გამო ბათილად ცნო.

დღეს ცესკოს ოპოზიციონერი წევრები გიორგი კალანდარიშვილს მოუწოდებენ, ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა და იმსჯელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. გიორგი კალანდარიშვილი კი არც ოპოზიციონერ კოლეგებს გამოხმაურებია და არც შენობაში მყოფ ჟურნალისტებს უნახავთ. ცესკოს თავმდჯომარე 26 ოქტომბრის შემდეგ მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილა და კითხვებისთვის არ უპასუხია. მან დღეს საპასუხოდ ჟურნალისტებთან ისევ პრესპიკერი გამოგზავნა, რომელმაც თქვა, რომ თავმჯდომარე მუშაობს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები