ახალი ინიციატივა ემიგრანტებს - ხაზარაძე მოქალაქეებს ცესკოსგან პირადი მონაცემების გამოთხოვისკენ მოუწოდებს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ახალი ინიციატივით გამოდის - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ემიგრაციაში წასულ ქართველებს სთავაზობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პერსონალური განცხადებით მიმართონ.
კერძოდ, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, თითოეულმა ემიგრანტმა, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და ერთიან სიაში იმყოფებოდა, ცესკოს წერილის საფუძველზე ყველა შესაბამისი საბუთი უნდა მოსთხოვოს იმის დასადასტურებლად, რომ საარჩევნო უბანზე არ ყოფილა და მის სახელზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაცემულა.
გთავაზობთ ასეთ იდეას, რომ შევაგროვოთ მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი განცხადებით - გაცნობებთ, რომ ამა და ამ წლიდან ვცხოვრობ საზღვარგარეთ და ამა და ამ წლიდან საქართველოში არ ვყოფილვარ. 2024 წლის 26 ოქტომბერს ვიმყოფებოდი აქა და აქ და საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. ვინაიდან ვიმყოფები ერთიან სიაში, არსებობს რისკი, რომ საქართველოში ჩემი რეგისტრაციის უბანზე ჩემ მაგივრად სხვამ მისცა ხმა. გთხოვთ, მომცეთ ყველა შესაბამისი საბუთი იმის დასადასტურებლად, რომ მე არ ვყოფილვარ საარჩევნო უბანზე, ჩემს სახელზე არ ყოფილა საარჩევნო ბიულეტენი გაცემული და ჩემ მაგივრად სხვას ხმა არ მიუცია", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, სთავაზობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგნაირი წერილით მიმართონ: "არჩევნებში მონაწილეობის მიღების დროს დარღვეულ იქნა ფარულობა, ამიტომ გთხოვთ, გააბათილოთ ჩემი ხმა".
მეორე არის, რომ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში. არჩევნებში მონაწილეობის მიღების დროს დარღვეულ იქნა ფარულობა, ამიტომ გთხოვთ გააბათილოთ ჩემი ხმა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.