"მათ ინფორმაცია მივაწოდე, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება" - ლონდა თოლორაია გამოკითხეს
"მათ ინფორმაცია მივაწოდე, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება" - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თოლორაიას თქმით, კითხვები მისიის საქმიანობას შეეხებოდა.
"შეკითხვები შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე თავად კენჭისყრის დღეს. ანუ, ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ასობით წარდგენილი საჩივარი ცესკოში, მტკიცებულებებია ასობით ვიდეოდან ფოტო-ფაილი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული, მტკიცებულებებია ასობით დამკვირვებლის მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა თვალსაჩინოა" თქვა გამოკითხვის შემდეგ ლონდა თოლორაიამ.
პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით კი, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად მოხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა ან დაკითხვა, რომელიც ფლობს ინფორმაციას არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მაგისტრატი მოსამართლეების წინაშე დღეს სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია გამოიკითხა.
ჩაჩავას თქმით, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრისას თოლორაია ძირითადად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ პირდაპირ ამ პროცესს არ დასწრებია.
თოლორაია პროკურატურაში იყო დაბარებული არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის "გამოძიების" ფარგლებში, თუმცა თოლორაიამ გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან მოითხოვა.
მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხავენ დღეს "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილსაც, რომელიც მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს.