მოსამართლე ხუჭუას გარდა მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ წასვლა ვერავინ გაბედა - ბოკუჩავა
მოსამართლე ხუჭუას გარდა მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ წასვლა ვერავინ გაბედა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე ყოფნისას ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ხმის მიცემის ფარულობა არა მარტო თეთრიწყაროსა და წალკაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ირღვეოდა.
დღეს სააპელაციო სასამართლოში განიხილება არჩევნების ფარულობის დარღვევის საკითხი. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, ძალიან გამბედავმა პროფესიონალმა მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუას სახით დაადგინა, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან არ იყო დაცული ფარულობა არჩევნების, რომ ბიულეტენზე ძალიან ნათლად ჩანდა გაკეთებული არჩევანი და შესაბამისად, ვერ გამოხატავდა ეს არჩენები ამომრჩევლის თავისუფალ ნებას, რაც არის კონსტიტუციური პრინციპი და რისი დარღვევაც ითვალისწინებს არჩევნების შედეგების გაუქმებას. ახლა უკვე სასამართლომ დაადგინა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ სისტემური გაყალბების საფუძველზე დაადგინა, რომ უნდა გაუქმდეს არჩევნების შედეგები. თუ ეს ასე იყო და თუ ჩანდა ამომრჩევლის ნება თეთრიწყაროსა და წალკაში, ბუნებრივია, რომ ეს ასე იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. უბრალოდ, სამწუხაროდ, იმდენად მორჩილი გახდა მთელი სასამართლო სისტემა ივანიშვილის მიმართ, რომ არცერთ სხვა მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ გაემიჯნოს მოსამართლეთა კლანს, არ შეასრულოს პოლიტიკური დაკვეთა და მიიღოს კანონისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც ეს ხუჭუამ გააკეთა, - ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია შეიკრიბა. ადამიანები ადგილზე მოპარული ხმების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს სააპელაციოში საარჩევნო დავების განხილვა ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული. საქმეების განხილვა მოსამართლეებს დიდი პროტესტის ფონზე მოუწევთ.