ივანიშვილის მთავრობამ ანაკლიაში ტრამპის უახლოესი მეგობრის ინვესტიცია შეაჩერა და ქვეყნიდან გააგდო - ხაზარაძე

06.11.24 15:02
ივანიშვილის მთავრობამ ანაკლიაში ტრამპის უახლოესი მეგობრის ინვესტიცია შეაჩერა და ქვეყნიდან გააგდო - ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ  მას ქართველი ხალხის მიმართ ისეთივე პოლიტიკა და მხარდაჭერა ექნება, როგორც ამერიკას ყოველთვის ჰქონდა. 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნებას" ტყუილად ქმნის ილუზიას, თითქოს ტრამპის გაამრჯვების შემთხვევაში ისიც გაიმარჯვებს. ხაზარაძე ივანიშვილის ხელისუფლებას ახსენებს, რომ სწორედ მათი მმართველობის დროს იყო, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებისას, ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრს ინვესტიცია შეუჩერეს და ქვეყნიდან გააგდეს. 

მინდა, პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები. მივულოცავ, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ტრამპის უახლოესი მეგობრის, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის ინვესტიცია შეაჩერეს და ის ამ ქვეყნიდან გააგდეს; მე გავახსენებ, რომ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრებიო და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლიაო. ამათ ილუზია არ ჰქონდეთ! რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო. არა, მეგობრებო! თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება. პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მათ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მან კოლეგიის 277 ხმა უკვე მიიღო. 

მსგავსი სიახლეები