მიმდინარე მოვლენებს სჭირდება კომუნიკაცია - დიმიტრი ცქიტიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე
ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში იმ კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც პროევროპულმა ოპოზიციამ პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა.
დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, მხარეებს შორის აუდიენცია საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და ყურადღება იმაზე გამახვილდა, თუ როგორ ხედავს თითოეული პარტია ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმას.
"პრინციპში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით საბოლოო გამოსავალი უნდა მოვნახოთ" - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მხარეებს შორის. პარტიები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გაგვეზიარებინა ჩვენი შეხედულებები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვის როგორი გეგმა გვაქვს. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სჭირდება კომუნიკაცია. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, პრინციპში, საბოლოო გამოსავალი უნდა მოვნახოთ", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროევროპული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს", კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები იმყოფებოდნენ.