პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს - ბოკუჩავა
"პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას" - ამის შესახებ კომენტარი ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
როგორც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან თქვა, პრეზიდენტი და გაერთიანებული ოპოზიცია ფიქრობს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება საერთაშორისო დონეზე უნდა ჩატარდეს.
პრეზიდენტთან საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს არის. პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასთან თანამშრომლობას. არა ერთი სამთავრობო მედიის კითხვა მოვისმინე პირადად მეც, თუ ვითანამშრომლებდი პროკურატურასთან, მოთხოვნის შემთხვევაში და, ბუნებრივია, ჩვენი პასუხიც არის უარი იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ამ ტოტალური გაყალბების გამოძიება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. პრეზიდენტსაც ეს პოზიცია აქვს და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება მისი მიმართვაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ, რადგან ის არის ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი.
პრეზიდენტს ასევე ვესაუბრეთ იმ დარღვევების ანგარიშების შესახებ, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად შეადგინა, რომლის გაგზავნასაც ასევე ვაპირებთ ევროსტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორებთან.
კიდევ რამდენიმე კონკრეტული საკითხი განვიხილეთ, რაზეც ასევე გვექნება ერთობლივი გეგმები და მოქმედება პარტიების მხრიდან, რაშიც, სავარაუდოდ, ასევე პრეზიდენტს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი.
ჩვენს შორის არის ძალიან ინტენსიური მუშაობა, კოორდინაცია და კონსულტაცია. პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროევროპული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს", კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები იმყოფებოდნენ.