მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის პირისპირ - საქალაქოში "ძლიერი საქართველოს" ლიდერის გამოკითხვა მიმდინარეობს

06.11.24 20:22
მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის პირისპირ - საქალაქოში "ძლიერი საქართველოს" ლიდერის გამოკითხვა მიმდინარეობს

 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მაგისტრი მოსამართლის პირისპირ - უკვე ერთი საათია საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.  რა მეთოდებით მიიტაცა ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნები?  - ოპოზიციის ლიდერი მოსამართლეს მტკიცებულებებს ამ  წუთებში აცნობს. მონაწილეობას გვაღებინებენ სიყალბეში - თქვა ხაზარაძემ გამოკითხვის დაწყების წინ.

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი დარწმუნებულია, რომ ცესკოს მოთხოვნით პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება,  ფორმალობაა. 

ჩემი სასამართლოში ყოფნა არ არის მნიშვნელოვანი, ამ სიყალბეში რომ მაღებინებ მონაწილეობას, ეს არის პრობლემა ამ ქვეყნის. არც სასამართლოა, ჩვენ არც პროკურატურა გვყავს, რომელიც ობიექტურია. მე სამი წელი გავატარე ამ სივრცეში, ყალბი ბრალდებებით და ბოლოს გამოაცხვეს ისეთი რაღაც, რომელზეც საერთოდ არ გვიმსჯელია. აღარ შევალ დეტალებში, საზოგადოება, ვინც დაინტერესებულია, ძალიან კარგად იცის, ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ, რადგან მე კანონმორჩილი ვარ და დამიბარეს სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან გამოვცხადდი და აუცილებლად მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან, როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კლანმა. სანამ ქართველი ხალხი არ მიხვდება, რომ საჯარო სექტორი, მოსამართლეები, პროკურატურა ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს იმიტომ, რომ ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს და არა იმას, რასაც ისინი აკეთებენ, რომ გართმევენ ხმას და ართმევენ მომავალს ამ ქვეყანას, სანამ ამას კარგად არ მივხვდებით, ეს ქვეყანა ვერ და არ განვითარდება. 

სია რომ გაიხსნას, ამათი საქმე დამთავრებულია. ეს იციან ძალიან კარგად. ჩვენ მივმართეთ ყველა ოლქს და ყველგან მოგვივიდა უარი. ამიტომ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და დარწმუნებული ვარ ამას მივაღწევთ'', - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

 "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პოლიტიკური დავალებაზე საუბრობენ. საბა ბუაძის თქმით, მართლმსაჯულების სისტემა სრულად აქვს მისაკუთრებული ივანიშვილს.

ეს არის მორიგი პოლიტიკური დავალება, რომ თითქოს რაღაცის გამოძიება და გამოკვლევა ხდება. მართლმსაჯულების სისტემა სრულად აქვს მისაკუთრებული ივანიშვილს. არსებობს ცალკეული თავისუფლების კუნძულები, რომლებიც ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, მაგრამ ახლა პროკურატორის გამოყენება უნდა იმისათვის, რომ რაღაც მორიგი შოუ დადგას არჩევნებთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ დაგვისვან აქ კითხვები ფაქტებთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უნდა იბარებდეს პროკურატურა და უნდა ეკითხებოდეს რატომ არ ხდება ვერიფიკაციის ქვითრების ყუთების გახსნა,''- ამბობს საბა ბუაძე.