ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა: "ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?"
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა. ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.
მისი თქმით, პროკურატურა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს იძთხოვს, მაშინ, როცა მას უწყება თვითონ უნდა ეძებდეს.
მისი თქმით, სოციალური მედია სავსეა მტკიცებულებებით და თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის.
აინტერესებდათ მტკიცებულებები. რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებ-გვერდების მისამართებზე, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას, შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს. შესავალ სიტყვაში ავხსენი, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს ჩათვლით, საერთოდ როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქეების ნების და არჩევანის მიტაცება. დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის, სადაც ძირითადად მიწევდა მითითება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. ზღვა მასალა არის განთავსებული სხვადასხვა ვებ-გვერდებზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს. თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის. სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება არ არის მარტო არჩევნების დღეს, არჩევნები გაყალბება არის წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა. ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები არ მოუწოდებია
"როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება ყველა ის პირი, რომელიც რაღაც ინფორმაციას ფლობს საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო დარღვევებთან, ან გაყალბებასთან დაკავშირებით. დღევანდელმა მოწმემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მოწმის ინფორმაციას, რომელიც მან მოგვაწოდა, გავაანალიზებთ და ამის საფუძველზე დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს," - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გუშინ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ.