ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია ნათქვამი.
მოსაწვევი მიშელმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაეროს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.
ხუთშაბათს ჩვენს ვახშამზე მე გთავაზობთ, გავმართოთ სტრატეგიული დებატები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან არის არსებითი და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ იგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პრიორიტეტების შესრულება სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, აქტიურად ვიმუშაოთ ძლიერი და სუვერენული ევროპის მშენებლობისკენ. მე მინდა, რომ ჩვენ კონკრეტულად გავამახვილოთ ყურადღება სამ სფეროზე: ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, განსაკუთრებით უკრაინა და გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების ჩათვლით.
ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
ცნობისთვის, დღეს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 47 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო მიიღებს.