"ქართული ციხეებიდან გამოუშვეს და უბნების წინ იდგნენ განგსტერები" - ევროპარლამენტარი ამბობს, რომ "გაყალბების მთელი პალიტრა" ნახა
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ, ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა.
ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ფარგლებში არჩევნებს აკვირდებოდა, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მარნეულში "გაყალბების მთელი პალიტრა" ნახა.
"მარნეულში იყო გაყალბებების ნამდვილი ფესტივალი" - თქვა ევროპარლამენტარმა და ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმომადგენელი საარჩევნო ურნაში ბიულეტენების შეკვრას ყრიდა.
ამასთან, ნატალი ლუაზოს შეფასებით, ადგილი ჰქონდა დაშინებასა და კრიმინალს - "ქართული ციხეებიდან გამოუშვეს და უბნების წინ იდგნენ განგსტერები".
გაყალბებების მთელი პალიტრა ვნახე. მე ვაკვირდებოდი 10 საარჩევნო ოლქს. ვიყავით 500-მდე დამკვირვებელი. მე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ასევე ვაკვირდებოდი პროცესს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მარნეულში იყო გაყალბებების ნამდვილი ფესტივალი.
კი, გაყალბებების ფესტივალი იყო. ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე. “ქართული ოცნებიდან” ერთი კაცი მოვიდა, უბნის თავმჯდომარე, რომელმაც მოიტანა „ქართული ოცნების” ბიულეტინების შეკვრა და ტენიდა ურნაში. თან აწვებოდა მთელი ძალით, იმიტომ რომ ბიულეტენი აღარც კი ეტეოდა, იმდენს ყრიდა ყუთში.
ეს სამოქალაქო ორგანიზაციის დამკვირვებლის თვალწინ ხდებოდა, მე ამ დროს გარედან უკან შემოვდიოდი, ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა, მას პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობდნენ და ხელში შემრჩა ახალგაზრდა კაცი კისერზე სიწითლეებით. წარმოუდგენელი არეულობა და გაუგებრობა იყო. ჩვენ ეს ვნახეთ და გადავიღეთ. უბნის გარეთ, იქვე იჯდა ხალხი დიდ მაგიდებთან, აქ გთავაზობდნენ ჩაის, მაგიდის ქვეშ კი ხმებს ყიდულობდნენ, მას შემდეგ, რაც მისცემდით ხმას და გექნებოდათ თქვენი ბიულეტინისთვის ფოტო გადაღებული.
იყო დაშინება, იყო ბევრი კრიმინალი. ქართული ციხეებიდან გამოუშვეს და უბნების წინ იდგნენ განგსტერები, ვისთან დაპირისპირებაც არავის სურს და რომლებსაც ჰქონდათ იმ ადამიანების სიები, ვინც მოვიდა ან არ მოსულა არჩევნებზე. როცა ოჯახი სრული შემადგენლობით არ იყო მოსული, ისინი ურეკავდნენ ოჯახის წევრებს და ეკითხებოდნენ „რას აკეთებთ? უბნებზე არ გვინახიხართ” და ა.შ. ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ, ვერც წარმომიდგენია, რა ხდებოდა მაშინ, როცა იქ არ ვიყავით. ასევე ბევრ ქართველს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და ხალხი ხმის მისაცემად სხვების პირადობის მოწმობით მიდიოდა.
წყარო - პუბლიკა