გზავნილები ევროპარლამენტიდან - "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ამ წუთებში ევროპარლამენტის მოსმენაზე საქართველოს შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც ევროპელი ჟურნალისტი პლატფორმა X-ზე წერს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოსთან ევროკავშირის გაფართოების პროცესი გააგრძელოს, თუმცა მისივე განმარტებით, ამისთვის საჭიროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი უკან წაიღოს.
ამასთან, მარტა კოსიმ ტრიბუნიდან ქართველ ხალხსაც მიმართა, რომ იმედი არ დაკარგონ.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსიმ ევროპარლამენტის მოსმენაზე, შესავალ სიტყვაში თქვა, რომ "ევროპის მეგზური ვარსკვლავი" გაფართოების მოლაპარაკებებში უკრაინა და მოლდოვაა, თუმცა საქართველოზე სიტყვა არ უთქვამს.
როდესაც საქართველოს შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა: "მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის, არ დაკარგოთ იმედი". ამასთან, კოსიმ თქვა, რომ მზად არის, გააგრძელოს გაფართოების პროცესი, მაგრამ მთავრობამ უცხოელი აგენტების კანონი და ანტილგბტ კანონი უნდა გააუქმოს", - წერს იოზვიაკი.