სააპელაციოში ჩატარებულ ექსპერიმენტში ცესკოს წარმომადგენლებმა ბიულეტენის მოთავსებისას სხვა წესი გამოიყენეს - ქურდოვანიძე
საიას აღმასრულებელი დირექტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ ექსპერიმენტს "სპეციალურად დადგმულ სანახაობას" უწოდებს.
ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სააპელაციო სასმართლოში ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო აპარატში ბიულეტენის შეცურებისას სხვა წესი გამოიყენეს, რომელიც განსხვავებული იყო იმისგან, რასაც იუწყება ამომრჩევლებს არჩევნებამდე ასწავლიდა.
მესამე სექტორის წარმომადგენელი თთრიწყაროს სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის გადაფარვის მცდელობაზე საუბრობს:
თეთრიწყაროს სასამართლომ გააკეთა უნიკალური რამ - მან ადგილზე საკუთარი რწმენისთვის და საზოგადოებისთვის დარწმუნებისთვისაც მიატანინა მხარეს იმ ბიულეტენები და ის ინვენტარი, რაც არჩევნების დღესაა საჭირო და ჩაატარა უნიკალური ექსპერიმენტი და მასში მონაწილეობდნენ თვითონ და დარბაზში მყოფი სხვა ადამიანები და არა სპეციალურად დატრენინგებული ხალხი. ამის შესაცვლელად და დასაძლევად დღეს ცესკომ იშუამდგომლა გუშინ, რომ ხელახლა ჩაერტარებინათ ეს ექსპერიმენტი და მასში ჩართული ყოფილიყვნენ ცესკოს სპეციალისტები, რომლებიც თვითონ ატრენინგებენ ადამიანებს, როგორ უნდა მოათავსონ ბიულეტენი და ა.შ. ეს არ იქნებოდა ობიექტური გარდა ამ გარემოებისა იმიტომაც, რომ მათ გამოიყენეს სხვა წესი, სხვა წესით მოათავსეს ბიულეტენი ამ აპარატში, განსხვავებულად იმისა, როგორც ისინი ამომრჩევლებს არჩევნებამდე ასწავლიდნენ. ეს იყო სპეციალურად დადგმული სანახაობა იმისთვის, რომ დაეძლიათ თეთრიწყაროს გადაწყვეტილება და პრაქტიკა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო ქუთაისის სააპეაციოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, არ გვაქვს, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
21 საათიანი უწყვეტი სასამართლო პროცესი დასრულდა - სააპელაციო სასამართლომ, არჩევნებში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაასრულა.
მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.
გაერთიანებულია დამკვირვებელთა კოალიცია „ჩემი ხმისა“ და საიას საქმეები. მხოლოდ საიას აქვს 12 საჩივარი 40-მდე ოლქის წინააღმდეგ. ყველა მათგანი ერთ საქმედაა გაერთიანებული.
საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია.