"არჩევნების ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს" - ჰანს გუტბროდის სამართლებრივი ანალიზი

07.11.24 14:10
"არჩევნების ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს" - ჰანს გუტბროდის სამართლებრივი ანალიზი

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საჯარო პოლიტიკის პროფესორი, ჰანს გუტბროდი ვრცელ სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს, სადაც არა მხოლოდ საჯარო წყაროებით აღმოჩენილი დარღვევები, არამედ სტატისტიკური ანალიზი და მონაცემების შედარებაა მიმოხილული. 

პოლიტიკის მკვლევარი წერს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს, რადგან არჩევნები სამართლიანი და კონკურენტული არ ყოფილა. 

ჰანს გუტბროდი ერთ-ერთ მთავარ დარღვევად ხმის ფარულობის პრინციპის კომპრომეტირებას გამოყოფს და იტყობინება, რომ ხმების კონფიდენციალურობა 2 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე დაირღვა, სადაც მარკერის კვალი ბიულეტენებს უკანა მხარეს ეტყობოდა. 

"ცესკოს უუნარობა, ან კენჭისყრის საიდუმლოების განზრახ დაუცველობა, მომავალში სანდოობის გარანტიას ვერ იძლევა" - ნათქვამია ვრცელ დოკუმენტში. 

ხმის საიდუმლოება არის ძირითადი მოთხოვნა, რომ ნებისმიერი არჩევნები ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად. ხმების კონფიდენციალურობა დაირღვა 2 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე. ამომრჩევლებს შეეძლოთ თავიანთი პარტიული არჩევანი საიდუმლოდ შეენახათ თუ მოახერხებდნენ. ასეთი მოხერხებულობის გარეშე, საარჩევნო პერსონალს და მაყურებლებს შეეძლოთ ამოეცნოთ, ამომრჩეველი ვის მისცემდა ხმას, როცა მას ეხმარებოდნენ.   ეუთოს დამკვირვებლების თანახმად, ყველა საარჩევნო უბნის ნახევარზე მეტში ამომრჩეველს შეექმნა პრობლემები და დასჭირდა დახმარება ხმების დათვლის მოწყობილობაში მათი ბიულეტენების შეცურებისას.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 28 სექტემბერს თქვა, რომ წინა სატესტო შეხვედრებზე გამოყენებული ბიულეტენი შეიცვლებოდა. როგორც ახლა ცხადი ხდება,  ეს დაპირება არ შესრულდა.  ჯერჯერობით, ცესკოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ უკეთესი ბიულეტენი იყო მომზადებული, ან რომ მათ მიიღეს სხვა მნიშვნელოვანი ზომები კენჭისყრის საიდუმლოების დასაცავად. ცესკოს უუნარობა ან კენჭისყრის საიდუმლოების განზრახ დაუცველობა მომავალში სანდოობის გარანტიას ვერ იძლევა", - წერია განცხადებაში.

საჯარო პოლიტიკის პროფესორის ვრცელ სამართლებრივ ანალიზში ყურადღება ხმების მოსყიდვასაც ეთმობა.

დოკუმენტში საუბარია არა მხოლოდ პირადობის მოწმობის სანაცვლოდ ამომრჩევლისთვის თანხის გადახდაზე, არამედ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ხალხს სთავაზობდა. 

ჰანს გუტბროდი წერს, რომ უხეში გათვლებით, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის ხმების მოსყიდვის მიზნით 45 მილიონი ლარი დახარჯა

უბნებში, სადაც ძალადობა იყო დაფიქსირებული, დაფიქსირდა "ქართული ოცნების" ხმების მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო ოპოზიციის ხმები შემცირდა. მოსყიდვისა და დაშინების გარდა, მხოლოდ ამ მოდელმა შეიძლება გამოიწვიოს ათიათასობით ხმის გადაზიდვა მმართველ პარტიაზე. ინფორმაცია ხმების მოყიდვის შესახებ კი დეტალური და კონკრეტულია.

მთლიანობაში, უხეში გათვლებით, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა მოსყიდვაზე დაახლოებით 45 მილიონი ლარი დახარჯა. ზემო აჭარაში ხმის მიცემისთვის 300 ლარამდე გადაიხადეს, სავარაუდოდ, თბილისში წინასაარჩევნო აქციაზე დასწრებისთვის ფულის გადახდასთან ერთად. ქვემო ქართლში არის დეტალური ინფორმაცია ნაღდი ფულის და საწვავის ვაუჩერების შეთავაზების შესახებ.

ეს ვაუჩერები, როგორც წესი, 200-ლარიანი იყო და, ძირითადად, ბენზინგასამართ სადგურებსა და ფარმაცევტულ ქსელს ეხებოდა. აზერბაიჯანულ და სომხურ უმცირესობათა რაიონებში საჯარო ანგარიშებში ნათქვამია, რომ ამომრჩევლებს ჩვეულებრივ 100 ლარს უხდიდნენ. "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა ასევე შესთავაზეს ოპოზიციურ ამომრჩევლებს 100 ლარი სახლში დარჩენისთვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში. 

ჰანს გუტბროდი შედეგების ნამდვილობის დამტკიცების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და "ქართულ ოცნებას" შემდეგი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:

  • გამოაქვეყნონ ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყო არჩევნებზე და ვის მისცა ხმა იმისთვის, რომ გამოირიცხოს მრავალჯერადი ხმის მიცემის და პირადობის მოწმობების ბოროტად გამოყენების ფაქტები.
  • შემოგვთავაზონ სრული ანგარიში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის და, მათ შორის, მათი სატელეფონო ჩანაწერების შესახებ, რათა გამოირიცხოს მათი კავშირი არჩევნებამდე მასობრივ დაშინებასთან.
  • წარმოადგინონ "ქართული ოცნების" რეგიონული კოორდინატორების სია, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ჰონორარის გადარიცხვის დოკუმენტები. 
  • მოიწვიონ საერთაშორისო აუდიტი "ქართული ოცნებისა" და მასთან დაკავშირებული ჯგუფების საქმიანობის შესასწავლად, განსაკუთრებით, "ქართუსა" და "ლიბერთი ბანკში", რათა დამტკიცდეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ათობით მილიონი ლარი ამომრჩევლების მოსყიდვისთვის ნაღდი ფულით არ დახარჯა. 
  • გამოაქვეყნონ "ქართული ოცნების" ნედლეული წინასაარჩევნო გამოკითხვის მონაცემები აწონამდე, რათა დამტკიცდეს, რომ ის რეალურად სარგებლობდა იმ მხარდაჭერით, რომელსაც თავად აცხადებს. 
  • გაიხსნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა და გარე კორესპონდენცია, რათა დამტკიცდეს, რომ მან ყველაფერი გააკეთა ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.