რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერს ევროპელი ლიდერებისთვის - კობახიძის კომენტარი

07.11.24 14:30
რა აქვს სათქმელი საქართველოს პრემიერს ევროპელი ლიდერებისთვის - კობახიძის კომენტარი

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან იმ გზავნილების შესახებ ისაუბრა, რაც ევროპელ ლიდერებთან საუბრის დროს უნდა გააჟღეროს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლის განცხადებით, განხილვის მთავარი საგანი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იქნება. 

ამასთან, ევროპის სამიტზე პრორუსი ვიქტორ ორბანის მიწვევით ჩასული კობახიძის თქმით, პლენარულ სესიაზე საქართველოში განვითარებულ და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრებს. 

ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამ ღონისძიებაზე იკრიბება ყველა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით. მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ბუნებრივია, გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გვექნება საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - განაცხადა პრემიერმა.