კობახიძე ამტკიცებს, რომ შარლ მიშელთან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა განაცხადა, მიშელთან მას "ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული" საუბარი ჰქონდა.
მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია", - თქვა კობახიძემ.