შეხვედრა დასრულდა - ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარუდგინა
ელჩს კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს და ელჩს ის მტკიცებულებები მიუტანეს, რომელიც არჩევნების გაყალბებას ცხადყოფს.
საუბარი იყო ძალიან სასარგებლო, ძალიან ინფორმატიული ევროკავშირის წარმომადგენლის ხელმძღვანელთან იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვაფასებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რა მტკიცებულებებია დღეისთვის მოპოვებული, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს საარჩევნო პროცესი იქნა მიტაცებული „ქართული ოცნების“ მიერ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება, ევროკავშირმა გააკეთოს ქართველი ხალხისთვის ამ მოცემულ მომენტში.
მე ვფიქრობ, რომ საკმარისი მტკიცეულებებია უკვე. იმაზე მეტი მტკიცებულებაა, რომ პირდაპირ თქვა, რომ არა მხოლოდ გაყალბება მოხდა, როგორც ასეთი, არამედ მთლიანად მიტაცებული იყო არჩევნების პროცესი და რაც მთავარია, იყო დარღეული უხეშად კონსტიტუციური უფლება თითოეული მოქალაქის, რაც მდგომარეობს ხმის მიცემის ფარულობაში, ეს იყო დარრეული ტოტალურად, აღარაფერს ვამბობ სხვა დარღვევებზე, ამიტომ აქ, ჩემი აზრით, ვითარება და სურათი არის ძალიან ნათელი.
დანარჩენი, რა თქმა უნდა, მსჯელობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები. ჩვენ ვნახეთ სამი ლიდერის განცხადებაც, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთს ლიდერების.
რაც მთავარია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს ელჩის მეშვეობით, რომ ქართველი ხალხი არის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერი და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება არჩევნების უფლების წართმევას. ეს იყო ჩენი მთავარი შეტყობინება, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ერთიანობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე ყურადღება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობაზეც გამახვილდა.
განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი, იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, გარდა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და ივანიშვილის ტოტალურ კონტროლს ქვეშ, ამიტომ გამოძიება შეიძლება, ჩატარდეს მხოლო და მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, რადგან საქართველო არის კანდიდატის სტატუსის ქვეყანა და იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით, უვიზო მიმოსვლის გაუქმება-არგაუქმებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური პერსონალური სანქციების დაკისრება-არდაკისრებასთან დაკავშირებით აუცილებელია, მათ შორის ევროკავშირისთვის, რომ ჰქონდეს ასპროცენტიანი სანდოობის ინფორმაცია, რომ დიახ, ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ისინი ხედავენ უკვე, მათ შორის ჩვენი მიწოდებული მტკიცებულებებიდან, რომ ძალიან სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ტოტალურად დაირღვა ფარულობის პრინციპი, - ამბობს ბოკუჩავა.
შეხვედრიდან გამოსულია კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოში არსებული ვითარების და არჩევნების გაყალბების შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები.
შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის იფნორმირებული. ასევე, ელოდება ჩვენგან დოკუმენტების წარდგენას, რომელიც უკვე არსებობს და მალე გავაგზავნით და მსჯელობები ამ საკითხზე იქნება. ჩვენი ინტერესია, საერთაშორისო შეფასების მისია ევროკავშირის მხრიდან, რომელიც დაადგენს, ევროპული რეკომენდაციის მე-4 პუნქტან, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რამდენად არის შესაბამისობაში ის, რახ მოხდა საქართველოში, - ამბობს ნიკა გვარამია.
ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პაველ ჰერჩინსკისთან აუდიენცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამდა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გამართეს. შეხვედრის თემა არჩევნებს და ოპოზიციის ხედვას უკავშირდებოდა, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მოქმედებას.