ევროკავშირის ლიდერებს "ქართული ოცნების" გამოძიების არ სჯერათ
ევროკავშირის ლიდერებს "ქართული ოცნების" გამოძიების არ სჯერათ - არჩევნების საქმეზე პარტნიორები საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ელოდებიან.
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია” არამხოლოდ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში დარღვევების გამო.
იმედგაცრუებული ვარ, არამხოლოდ არჩევნების შედეგით, არამედ უამრავი დარღვევის გამო საარჩევნო პროცესში. ეს შეშფოთების საგანია.
არ მჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება, რომ მათ ეს შეუძლიათ. ვფიქრობ, საჭიროა საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება პროცესში. საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსიურობა ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს არის შეშფოთების საკითხი. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში არჩევნებს შედეგი განსხვავებული იყო", - განაცხადა ნაუსედამ.
შეკითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის პასუხი საქართველოს მიმართ, ნაუსედამ განაცხადა:
მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, არ უნდა ელოდოთ, რომ ევროკავშირს მიუახლოვდებით. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, სცილდებით ევროკავშირს. ვფიქრობ, ეს სიგნალი მიღებული და გაგებული უნდა იქნას და იმედი მაქვს, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, შეცვალოს კურსი, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვხედავ დიდ ალბათობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება"- დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა რუსეთს დაუახლოვდა.
გიტანას ნაუსედამ ამ კონტექსტში "ქართული ოცნების" რუსეთთან ღრმა ურთეერთობაზე ისაუბრა.
ეს პიროვნება [ბიძინა ივანიშვილი] დგას ყველა ამ პროცესის უკან. ვიცით რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობა რუსეთთან. ესაა მიზეზი რატომაც ვლაპარაკობთ არამხოლოდ ევროკავშირთან დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე რუსეთთან. შუალედურ გზას ვერ აირჩევ. თუ იღებ გადაწყვეტილებას, დგამ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს, შუაში ვერ დადგები. მარტივია, მიდიხარ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ"- განაცხადა მან.