არჩევნების გაყალბების გამოძიების საქმეში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს - თინა ბოკუჩავა
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ოპოზიციამ არჩევნების საერთაშორისო გამოძიების საკითხიც დააყენა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ცხადია, რომ თავისივე გაყალბებულ არჩევნებს ხელისუფლება არ გამოიძიებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, საქმეში ევროკავშირი ჩაერთოს.
საუბრის ერთ-ერთი თემა ნამდვილად იყო საერთაშორისო გამოძიება, იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისავე დანაშაულს, ამიტომ მნიშნელოვანია საერთაშორისო გამოძიება, სადაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გახდა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, - ამბობს ბოკუჩავა.
ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პაველ ჰერჩინსკისთან აუდიენცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამდა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გამართეს. შეხვედრის თემა არჩევნებს და ოპოზიციის ხედვას უკავშირდებოდა, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მოქმედებას.