გაყალბებული არჩევნები და ოპოზიციის შეთავაზება ევროკავშირს - რა დამატებითი მექანიზმები არსებობს?
ოპოზიცია ევროკავშირს საქართველოში დამატებითი მისიის გამოგზავნას სთხოვს, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შეისწავლის - ფაქტს "ტვ პირველთან" თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი თინა ხიდაშელი აფასებს.
თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ ოპოზიციას აქვს საშუალება ევროკავშირთან ერთად, ევროსაბჭოსაც მოსთხოვოს დამატებითი მისიების ჩამოყვანა, რათა მტკიცებულებები მოიკვლიონ, რომელიც 9 დათქმის მე-4 პუნქტის შეუსრულებლობას დაადასტურებს.
ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა ეუთო/ოდირის დასკვნა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ისევე როგორც, იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების დასკვნები, რომლისთვისაც მას თვითონ ნდობა აქვს გამოცხადებული. ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ რაიმე დამატებითი მექანიზმი აამოქმედოს, როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგი ვიყოთ ჩვენ. მაგრამ მე პირადად რომ მკითხოთ, არანაირი დამატებითი დადასტურება და დამტკიცება იმას, რაც საქართველოში მოხდა აღარ სჭირდება. ზოგადად ეუთო არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, ხშირად ეს მექანიზმები სწორედ ეუთოს ქვეშ იქმნება. ასევე არსებობს ევროსაბჭოს გამოცდილება ამ თვალსაზრისით. მათაც შეუძლიათ, რამდენიმე დამატებითი რესურსი გამოაყოფინონ ევროსაბჭოს იმისთვის, რომ დამატებით მოიკვლიონ მასალები", - ამბობს თინა ხიდაშელი.
ოპოზიცია ევროკავშირს საქართველოში დამატებითი მისიის გამოგზავნას სთხოვს, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შეისწავლის.
აღნიშნულ თხოვნა ხელისუფლების ოპონენტებმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას გაახმოვანეს. პროდასავლური ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ევროკომისიის 9 ვალდებულებიდან მთავარი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება დარღვეულია. (საქმე ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან მე-4 პუნქტს ეხება, რომელიც არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას გულისხმობს).
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ ამ მისიამ უნდა დადოს ანგარიში, როგორ შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" ნაკისრი ვალდებულება. რის შემდეგაც ევროკავშირმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოზე, როგორც კანდიდატ ქვეყანაზე.