როგორ შეასრულა "ოცნებამ" თავისუფალი არჩევნების პირობა - ოპოზიცია ბრიუსელიდან საგანგებო მისიის ჩამოსვლას ითხოვს
ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები ბრუსელიდან საგანგებო მისიის ჩამოსვლას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა ევროკავშირის ელჩს ესაუბრნენ. პაველ ჰერჩინსკის პარტიებმა უთხრეს, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები უკვე შეგროვებულია, თუმცა მის შესაფასებლად ევროკავშირის საბჭომ სპეციალური შეფასების მისია თბილისში უნდა გამოგზავნოს.
არჩევნების სამართლიანად ჩატარების ვალდებულება საქართველომ კანდიდატის სტატუსთან ერთად აიღო და ეს 9 პირობიდან ერთ-ერთია. ვიდრე ევროპული საბჭო წლის ბოლოს საბოლოო გადაწვეტილებას მიიღებს და 9-ვე პირობის შესრულების ხარისხზე დაწერს, მანამდე თბილისში სპეციალურმა მისიამ უნდა შეაფასოს, როგორ შესრულდა მეოთხე პუნქტი.
რა უთხრა ოპოზიციონერ ლიდერებს პაველ ჰერჩინსკიმ უცნობია, თუმცა მისი პოზიცია ჩატარებულ არჩევნებზე ცნობილია და დასავლეთის განწყობას ასახავს. ცივილიზებული სამყარო არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ მძიმე დარღვევების გამო აყენებს და გამოძიებას ითხოვს. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებების შესახებ ანგარიში ოპოზიციამ უკვე მოამზადა და მას პარტნიორებს მიაწვდის.
საერთაშორისო გმოძიების ჩატარებას ქვეყანაში ხელისუფლების ნება სჭირდება, რაც არ არსებობს. შეფასების მისიის გამოგზავნა კი, ოპოზიციის თქმით, ევროკავშირს ნებართვის გარეშეც შეუძლია, რადგან მონიტორინგი მთავარი პირობის შესრულებაზე მის ინტერესშიცაა.
შეხვედრას, სადაც პოლიტიკოსები ელჩს ამ თემაზე ესაუბრებოდნენ, არ ესწრებოდა გახარიას გუნდი, თუმცა ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ მათ კოორდინაცია არც ოპოზიციასთან გაუწყვეტიათ და არც ევროპელ დიპლომატებთან. იზიარებენ იდეას, რომ გაყალბების დასამტკიცებლად და დასავლეთის დასარწმუნებლად ყველა ინსტრუმენტის გამოყენებაა საჭირო.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.