პარტნიორების ნაბიჯები და სამოქალაქო პროტესტი არჩევნების ხელახლად დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა - კუპრაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე "ტვ პირველის" ეთერში იმ ნაბიჯებს განმარტავს, რომლითაც ქვეყანაში არჩევნების ხელახალი დანიშვნაა შესაძლებელი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაცრი ნაბიჯები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დასანქცირება ის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც საქართველოში ხელახლა არჩევნებს განაპირობებს.
მეორე გზად კი ირაკლი კუპრაძე პროტესტის პერმანენტულ რეჟიმს ასახელებს - "აუცილებელია სამოქალაქო წინააღმდეგობა".
ხელახალი არჩევნების დანიშვნა ორი კრიტერიუმით არის შესაძლებელი. პირველი, საერთაშორისო პარტნიორების დაჟინებული წინააღმდეგობით, მოთხოვნებით, შესაბამისი ნაბიჯებით, მათ შორის, პერსონალური სანქციებით ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. მეორე, სამოქალაქო პროტესტი და წინააღმდეგობა, რომელშიც თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს. მე მესმის იმედგაცრუების, რადგან მოლოდინი არჩევნებში გამარჯვების ცალსახა იყო. მაგრამ გაყალბების ამ მასშტაბს ვერავინ წარმოიდგენდა", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.