"ქვეყნის შიგნით არსებობს კონსენსუსი, რომ არჩევნები მოიპარეს და გამარჯვება წაგვართვეს" - თევზაძე
"ქვეყნის შიგნით არსებობს კონსენსუსი, რომ არჩევნები მოიპარეს და გამარჯვება წაგვართვეს" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა, თენგო თევზაძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გაძლიერდეს, მაგრამ გამარჯვება ქართველი ხალხის აქტიურობის გარეშე ვერ დაბრუნდება".
ქვეყნის შიგნით არსებობს კონსენსუსი, რომ არჩევნები მოიპარეს, გამარჯვება წაგვართვეს და ეს გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ. ეს გამარჯვება არ წაართვეს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ეს გამარჯვება წაართვეს ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ამომრჩევლის თავისუფალი ნება, ფაქტობრივად, უგულებელყოფილი იქნა, მათზე ზემოქმედება მოხდა", - ამბობს თენგო თევზაძე.
ცნობისთვის, ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მსვლელობისთვის ხალხი ორ ადგილას - მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტთან" და მარჯანიშვილზე შეიკრიბება.
ამასთან, ჯგუფი "დაიტოვე" 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას აანონსებს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ახლა უმოქმედობის დრო არ არის და ამიტომ აქციას თვითორგანიზებით აწყობენ.