ავტორიტარიზმის დამარცხება ცივი გონებით შექმნილ გეგმასა და მრავალი მიმართულებიდან შეტევას შეუძლია - გვარამია
არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციას კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც უერთდება.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "პირველებთან" განაცხადა, "ავტორიტარიზმის დამარცხება და სამშობლოს დაბრუნება ცივი გონებით შექმნილ გეგმასა და მრავალი მიმართულებიდან შეტევას შეუძლია".
ემოციებით ავტორიტარიზმი არ ემხობა. ავტორიტარიზმის დამარცხებას და სამშობლოს დაბრუნებას სჭირდება ცივი გონებით გეგმა, მრავალი მიმართულებიდან შეტევა და იძულება ხელისუფლების, რომ უბრალოდ წავიდეს. ამას ვაკეთებთ, მოთმინებით დაველოდოთ და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი პოლიტიკოსებმაც, სამოქალაქო საზოგადოებამაც, მედიამაც და, პირველ რიგში, ამომრჩეველმა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' მოიპარა არჩევნები, ხელისუფლება და სამშობლოსაც გვართმევს. ყველაფერი კარგად იქნება'', - ამბობს ნიკა გვარამია.
არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან.
მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში, ქალაქის ორ ლოკაციაზე იკრიბებიან.
ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან.