სკანდალური ჩანაწერი: არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს სავარაუდოდ ფულს ურიგებდნენ
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ჩანაწერებით დგინდება, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს სავარაუდოდ ფულს ურიგებდნენ.
- "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც ტელეფონთ თანამოსაუბრესთან არჩევს, როგორ დაარიგეს ფული ჩუმად არჩევნების დღეს ელისო ბეშიძეა. ბეშიძე გლდანში 61-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი იყო. ის არა რომელიმე პარტიის, არამედ ცესკოს დანიშნული წევრია.
- ჩანაწერის მიხედვით, არჩევნების დღეს, ელისო ბეშიძე, რომლის მოვალეობაც უბანზე მისული ამომრჩევლის ვინაობის დადგენა, მისი მარკირება და ბიულეტენის მიცემა იყო, სამუშაო ადგილს ტოვებს, სკოლის შენობის შიდა ტერიტორიაზევე მარტოვდება და ტელეფონით თანამოსაუბრესთან ფულის გადაცემის ამბავს არკვევს.
- როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული, ის დარწმუნებული იყო, რომ ოთახში მარტი იყო, თუმცა იქვე მყოფმა პირმა სატელეფონო საუბარი, საეჭვოდ მიიჩნია და მისი ჩაწერა დაიწყო.
საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი მთავარი მაკონტროლებელია - ის ამოწმებს ამომრჩევლის ვინაობას, ის აკეთებს მარკირებას და ის გასცემს ბიულეტენს, რეგისტრატორს პირდაპირ ცესკო ნიშნავს და ეს როლი საარჩევნო უბანზე წილისყრით არ ნაწილდება.
არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამ ერთ ვიდეო ჩანაწერში სავარაუდო დანაშაულში მონაწილე 5 პირი იკვეთება.